აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ უსაფრთხოების სფეროში შეთანხმება გააფორმეს.
გაერო-ში გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიისა და დანიის ლიდერებს შეხვდა.
ტრამპმა აღნიშნული შეთანხმება დაახასიათა, როგორც „ხანგრძლივი მზადების შედეგი“ და განაცხადა, რომ ის ხელმომწერ სამ მხარეს შორის „გრძელვადიან და შესანიშნავ ურთიერთობებს“ ჩაუყრის საფუძველს.
მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია სუვერენული ტერიტორიაა, ის დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის. სწორედ დანია წარმართავს მის საგარეო პოლიტიკას. დეტალები ჯერჯერობით მწირია, თუმცა გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ გრენლანდიაში „ორ უმნიშვნელოვანეს სამხედრო ბაზას“ ააშენებს.
დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, ახალი შეთანხმება პასუხობს აშშ-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას კუნძულზე უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ პოზიციების გამყარების თაობაზე და, ამავდროულად, ითვალისწინებს დანიისა და გრენლანდიის შიდა უფლებებს.
უსაფრთხოების შესახებ ამ შეთანხმებას დადებითად აფასებს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენიც.
„ჩვენ ვართ, ვიყავით და კვლავაც ვიქნებით შეერთებული შტატების ერთგული მეგობარი და დასავლური ალიანსის ნაწილი. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ხოლო ჩვენი უსაფრთხოება – თქვენი… ეს არის შეთანხმება, რომლითაც ყველა მხარე იგებს“, – აღნიშნა ნისლენმა.




