აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ქვეყნის აღდგენის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ტრადიციული საპროცედურო გზის გვერდის ავლით, იმ რესპუბლიკელების ხმების დახმარებით, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას არ დაეთანხმნენ.  ამის შესახებ გამოცემა The Hill წერს.

კანონპროექტს მხარი 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 195 წავიდა. დოკუმენტი კენჭისყრაზე სპეციალური პროცედურის - discharge petition-ის გამოყენებით გავიდა, რაც კომიტეტების გვერდის ავლით საკითხის პირდაპირ განხილვის საშუალებას იძლევა. დემოკრატებს 18 რესპუბლიკელი და ერთი დამოუკიდებელი კონგრესმენი, კევინ კაილი, შეუერთდნენ, რომლის ხმამაც ამ პროცესის დაწყება შესაძლებელი გახადა.

"ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. საკითხავია - როგორ?" - განაცხადა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას საგარეო საქმეთა კომიტეტში უმცირესობის ყველაზე მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა, გრეგორი მიქსმა.

მან კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს "მამაც უკრაინელებს, რომლებიც საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან, მიაწოდოს მათ თავდაცვისთვის აუცილებელი იარაღი, დააკისროს კრემლს მაღალი ფასი ამ ამორალური კონფლიქტისთვის და პასუხი აგებინოს რუსეთს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის".

უკრაინის აღდგენის დაფინანსებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას, ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების სფეროში დამატებით დახმარებას, ასევე უკრაინისთვის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სესხების გამოყოფას, რათა ქვეყანამ შეიარაღების შეძენა შეძლოს.