აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი აცხადებს, რომ ევროპამ არაფერი გააკეთა სავაჭრო შეთანხმების შესასრულებლად.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს გრირმა აღნიშნა, რომ აშშ-მ ევროპას შეღავათები დაუწესა, სანაცვლოდ კი, ევროპამ არცერთი ტარიფი არ შეამცირა.
„ევროპამ არაფერი გააკეთა სავაჭრო შეთანხმების განსახორციელებლად, არაფერი. ასე რომ, სინამდვილეში ევროკავშირის საქმეა თქვას, რომ ჩვენ ვაჩერებთ მას. რას აჩერებენ? მიმდინარე მოლაპარაკებებს? როდესაც ჩვენ სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ ევროპელებთან, მალევე, ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ტარიფები ბევრად უფრო დაბალით. ჩვენ მათ მანქანებზე შეღავათი მივეცით, რომელიც სხვებს არ აქვთ. ჩვენ მათ სხვა პროდუქტებზეც შეღავათი მივეცით, რაც სხვებს არ აქვთ. ევროპელებმა ჩვენთვის არცერთი ტარიფი არ შეამცირეს“, – განაცხადა გრირმა.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება თავიდანვე სრულყოფილი არ იყო.
„რეალობა ისაა, რომ თუ ვაჭრობის შეთანხმებას გადავხედავთ, ის ყველა პრობლემას არ წყვეტს. არის საკითხები, რომლებიც ვაჭრობის შეთანხმებაში არ არის განხილული. ის არ აგვარებს რეგულაციების საკითხებს, რომლებიც უაღრესად პრობლემურია. ის არ აგვარებს ფარმაცევტული პროდუქტების ფასებს. ასე რომ, ეს არ იყო რაღაც სრულყოფილი ვაჭრობის შეთანხმება“, – განაცხადა გრირმა.
ამასთან, გრირმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მუქარა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტარიფების დაწესების შესახებ მიზანშეწონილია.
„ვიტყოდი, რომ ეს ტარიფების შესაბამისი გამოყენებაა. არსებობს ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გადაკვეთაზე მდებარე ინსტრუმენტების გამოყენების ხანგრძლივი ისტორია. შეერთებულ შტატებში ჩვენ გვაქვს ექსპორტის კონტროლი, სანქციები, აკრძალვები. ზოგჯერ ქვეყნები გვეთანხმებიან, ზოგჯერ არა. პრეზიდენტმა აშკარად გადაწყვიტა, რომ არ სურს სრული სანქციების დაწესება ქვეყნებისთვის, მაგრამ მას შეუძლია, გამოიყენოს უფრო მსუბუქი ზომა, როგორიცაა ტარიფები, რათა შექმნას პირობები მოლაპარაკებებისთვის ან სხვა გეოპოლიტიკური შედეგებისთვის“, – განაცხადა გრირმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას. მანამდე, ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს. აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გასული წლის ივლისში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ დაიდო.
თარგმანი: პირველი არხი




