აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წელს 100 000-ზე მეტი უცხოური ვიზა გააუქმა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მეტია.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ეს მაჩვენებელი ყველა დროის რეკორდს ხსნის.
2024 წელს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, დეპარტამენტმა 40 000 ვიზა გააუქმა, მათი უმეტესობა ბიზნეს და ტურისტულ მოგზაურებს ეხებოდათ, რომლებიც ვიზების ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანაში დარჩნენ. თუმცა, დაახლოებით 8 000 სტუდენტმა და 2 500 სპეციალიზებულმა მუშაკმა იურიდიული სტატუსი დაკარგა.
სპეციალიზებულ მუშაკების ნახევრის შემთხვევაში ვიზების გაუქმების მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დაპატიმრებებს, 30% – ძალადობას, ფიზიკურ შეურაცხყოფას ან უკანონო პატიმრობის ბრალდებებს, ხოლო დარჩენილი 20% კი – ქურდობას, ბავშვებზე ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებას, ასევე თაღლითობასა და მითვისებას უკავშირდებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, თითქმის 500 სტუდენტმა ვიზა ნარკოტიკების შენახვისა და გავრცელების გამო, ხოლო ასობით უცხოელმა მუშაკმა სავარაუდოდ, ბავშვებზე ძალადობის გამო დაკარგა.
2025 წლის აგვისტოში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ 55 მილიონ უცხოელს გადახედავდა, რომლებსაც აშშ-ის მოქმედი ვიზა აქვთ.
მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებდა ამერიკელების პირველ ადგილზე დაყენებას და საკუთარი ერის დაცვას იმ უცხოელი მოქალაქეებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ან ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს.
დეპარტმანეტმა ასევე დააწესა უფრო მკაცრი სტანდარტები აშშ-ის ვიზების მისაღებად.
2025 წლის ნოემბერში კი „ფოქს ნიუს დიჯიტალმა“ პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპარტამენტი აღასრულებდა „საზოგადოებრივი ვალდებულების“ წესს, რომელიც უარს ეტყოდა ვიზებზე იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებოდნენ დამოკიდებული. ეს მოიცავდა ჯანმრთელობის მიზეზებს, მაგალითად, ხანდაზმული და ჭარბწონიანი ადამიანების უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ დაყენებას; ინგლისური ენის ცოდნას; ფინანსებს ან გრძელვადიანი მოვლის სხვა პოტენციურ საჭიროებებს.
თარგმანი: პირველი არხი








