არგენტინის მოქმედი პრეზიდენტი ხავიერ მილეი 2027 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ მან ბუენოს-აირესში გამოფენის გახსნაზე განაცხადა, — წერს სააგენტო dpa.
"ყველას, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ხელახლა ვიყრი კენჭს: დიახ, მე ვიყრი კენჭს", — განაცხადა მან. მილეის თქმით, მისი ხელმძღვანელობით არგენტინა სწორი მიმართულებით მიდის.
"თუმცა, არგენტინის კვლავ დიდებულ ქვეყნად ქცევისთვის წინ კიდევ ბევრი სამუშაოა", — დასძინა ქვეყნის პრეზიდენტმა და ამით დონალდ ტრამპის სლოგანის — "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" — პერიფრაზირება მოახდინა.
2023 წლის დეკემბერში ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მილეიმ მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო, რომლებიც მიმართული იყო სახელმწიფო ვალის შემცირების, ინფლაციის შეკავებისა და ბაზრების დერეგულირებისკენ.
როგორც dpa წერს, ამ ზომებით მილეიმ შეძლო ინფლაციის შენელება, სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსება და სიღარიბის დონის შემცირება. თუმცა, რეფორმებს თან ახლდა სამუშაო ადგილებისა და სოციალური ხარჯების მასობრივი შემცირება, ასევე არგენტინელების ნაწილის მსყიდველუნარიანობის ვარდნა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მილეის პარტიამ ხმების უმრავლესობის მოპოვება შეძლო, პრეზიდენტის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა მცირდება.
როგორც სააგენტო Bloomberg მისივე დაკვეთით ჩატარებულ დამოუკიდებელ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით წერდა, არგენტინის მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი (დაახლოებით 62%) მილეის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. მთავარ პრობლემად არგენტინელები მზარდ უმუშევრობას მიიჩნევენ, მაშინ როცა ინფლაცია მეორე პლანზე გადადის. ქვეყნის მცხოვრებთა 36% მის მიმართ დადებითადაა განწყობილი.
2023 წლიდან არგენტინაში პროფკავშირების, სტუდენტებისა და პენსიონერების მასშტაბური საპროტესტო აქციები პრეზიდენტ მილეის მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის წინააღმდეგ არაერთხელ გაიმართა.




