თურქეთს და შვედეთს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო დაძაბული ხდება.

გუშინ თურქეთმა მწვავედ დაგმო სტოკჰოლმში, შვედეთის საელჩოს წინ დღეისათვის დაგეგმილ ყურანის ასლის დაწვის აქციის ჩატარებაზე შვედეთის ხელისუფლების თანხმობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩის დაიბარეს, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის შესახებ ხელისუფლების უკიდურესად მწვავე რეაქციის შესახებ განუცხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ სტოკჰოლმი გამოიჩენდა გონიერებას და არ დაუშვებდა აქციის გამართვას.

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა მკაცრად დაგმო შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან წმინდა ყურანის ასლის დაწვით აქციის გამართვაზე ნებართვის გაცემა. 

„თურქული მხარის ყველა გაფრთხილების მიუხედავად, ქმედება სანქცირებულია, რაც არის ნაბიჯი სიძულვილის დანაშაულის წახალისებისკენ, მათ შორის მუსლიმების მიმართ. რელიგიურ გრძნობებზე თავდასხმებს არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის თავისუფლების ცნებებთან. ეს არის თანამედროვე ბარბაროსობის გამოვლინება“, - წერს კალინი სოციალურ ქსელში.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პოლ იონსონის 27 იანვრისთვის დაგეგმილი ვიზიტი.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა შვედეთის თავდაცვის მინისტრ პოლ იონსონის ვიზიტს „უაზრო“ უწოდა. „შექმნილ ვითარებაში ანკარამ გადაწყვიტა გააუქმოს შვედი მინისტრის ვიზიტი“, - თქვა მან გერმანიის რამშტეინის ავიაბაზაზე „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის“ (23 ქვეყნის მინისტრების მონაწილეობით) შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.