უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა მიიჩნევს, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულებისთვის რეალური შედეგების მისაღწევად აშშ-ის მონაწილეობა აუცილებელია. ამის შესახებ მან პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ღონისძიებაზე განაცხადა.
სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ-ისგან პროცესში ლიდერობის როლს ელოდება. მან ასევე ხაზი გაუსვა ვაშინგტონის მნიშვნელობას როგორც სამხედრო დახმარების, ისე სამშვიდობო პროცესის კონტექსტში.
მისი თქმით, უკრაინა აშშ-ისგან იარაღს ყიდულობს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროგრამა PURL, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს შეიძინოს სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები.
"ჩვენ მათგან ვყიდულობთ შეიარაღებას. სწორედ ამიტომ არის ეს პროგრამა ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი - ეს არის ერთადერთი გზა, რომ შევიძინოთ სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები", - განაცხადა სიბიგამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებლად მიაჩნია.
"ეს შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება მათი მონაწილეობა, მაგრამ პარალელურად გვჭირდება მათი გავლენა და ზეწოლა რუსეთზე", - დასძინა სიბიგამ.







