ამერიკულმა თავდაცვითმა გიგანტებმა Raytheon-მა და Lockheed Martin-მა აშშ-ს მთავრობას Patriot-ის რაკეტების ლიცენზიის უკრაინისთვის გადაცემის შეჩერება სთხოვეს. ისინი შიშობენ, რომ კიევმა შეიძლება სისტემა გააუმჯობესოს და გაცილებით იაფად დაიწყოს წარმოება.

უკრაინული მედია The Atlantic-ზე დაყრდნობით წერს, რომ Raytheon და Lockheed Martin ოფიციალურად გადაწყვეტილებას „ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის და ტექნოლოგიების უკონტროლო გადაცემის" რისკებით ხსნიან.

თუმცა, გამოცემის წყაროების თანახმად, რეალური მიზეზი სხვაა. კომპანიებს ეშინიათ, რომ უკრაინა ლიცენზიის მიღების შემთხვევაში Patriot-ის რაკეტებს აშშ-ზე სწრაფად და გაცილებით იაფად დაიწყებს წარმოებას და გააუმჯობესებს კიდეც.
 
კიევს ამ ეტაპზე ამერიკისგან რამდენიმე ასეული Patriot-ის რაკეტის მიღება სურდა არსებული მარაგებიდან. თუმცა დონალდ ტრამპმა უარი თქვა. მიზეზად მან ამერიკის შეზღუდული მარაგები და პრიორიტეტები ახლო აღმოსავლეთში დაასახელა.

CSIS-ის მონაცემებით, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში აშშ-მ Patriot-ის მარაგების დაახლოებით ორი მესამედი ირანის წინააღმდეგ ომში დახარჯა.

 The Atlantic-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი მკვეთრად გაიზარდა და ქვეყანა ამერიკის პირდაპირ დახმარებაზე ნაკლებად არის დამოკიდებული.

მაგალითად, თუ აშშ წელიწადში 100 ათას დრონს აწარმოებს, უკრაინა უკვე 10 მილიონამდე დრონის წარმოებაზეა გასული.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას და აშშ-ს Patriot-ის რაკეტების ყოველთვიური მიწოდების შეთანხმება აქვს. თუმცა მოწოდებული რაოდენობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებისთვის არასაკმარისია.

წყარო: Pravda.com.ua / The Atlantic.
მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ