ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილი მეტ გეტცის თვითაცილების შემდეგ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი კანდიდატურა დაასახელა.

გენერალური პროკურორის პოსტზე დონალდ ტრამპის ახალი რჩეული ფლორიდის ყოფილი გენერალური პროკურორი პემ ბონდია.

„პემი თითქმის 20 წელი იყო პროკურორი. ის მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და მან ფლორიდელთა ოჯახებისთვის ქუჩები უსაფრთხო გახადა", - წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ  პემი ფლორიდის პირველი ქალი გენერალური პროკურორია. ის მუშაობდა ნარკოტიკებით მომაკვდინებელი ვაჭრობის შესაჩერებლად და ფენტანილის ჭარბი დოზით სიკვდილის ტრაგედიის შესამცირებლად, რამაც გაანადგურა ამდენი ოჯახი ჩვენს ქვეყანაში.

ტრამპის თქმით, მან ისეთი წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა, რომ  პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს,  ოპიოიდების და ნარკოტიკების მოხმარების კომისიაში მუშაობა სთხოვა.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პარტიული იუსტიციის დეპარტამენტი იყენებდა მას, როგორც იარაღს ჩემსა და სხვა რესპუბლიკელების წინააღმდეგ. ეს აღარ მოხდება. პემი ხელახლა მოახდენს იუსტიციის დეპარტამენტის ფოკუსირებას მის თავდაპირველ მიზანზე - დანაშაულთან ბრძოლა და ამერიკაში უსაფრთხოების აღდგენა, - ამბობს ტრამპი და დასძენს:

„მე წლების განმავლობაში ვიცნობ პემს - ის ჭკვიანი და მკაცრია" და „ის შესანიშნავად გაართმევს თავს საქმეს გენერალური პროკურორის პოსტზე!"

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოსტზე დასახელებული პემ ბონდი 1965 წლის 17 ნოემბერს არის დაბადებული. იგი ქორწინებაში იყო 1990-1992 და 1996-2002 წლებში. 2012 წლიდან დანიშნულია გრეგ ჰენდერსონზე.