ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, გასულ კვირას ესპანურ ექსკლავ სეუტაში (Ceuta) გადასვლის მცდელობისას 75 მიგრანტი დაიღუპა. თუმცა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა კომისიის ალტერნატიული მონაცემებით, მსხვერპლთა რაოდენობა 77-ს აღწევს.
სეუტის პრეფექტურამ სამშაბათს, 4 აგვისტოს განაცხადა, რომ გასულ კვირას ექსკლავში შეღწევის მცდელობისას დაღუპულ მიგრანტთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. ესპანური მხარის თავდაპირველი ოფიციალური მონაცემებით, 72 მიგრანტი იყო დაღუპული — უმეტესობა ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო. თავის მხრივ, ესპანეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა კომისიამ 77 დაღუპული აღრიცხა. სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, კომისია აღნიშნავს, რომ სეუტის ხელისუფლებამ ზღვაში სულ 79 ცხედარი იპოვა. თუმცა, აქედან ორი ცხედარი 29 ივლისს და 30 ივლისს დილით ამოიყვანეს ანუ მიგრანტთა მასობრივ გადასვლამდე, რის გამოც კომისიას საბოლოო სიაში 77 დაღუპული ჰყავს შეყვანილი.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტებმა 77 გვამის აუტოპსია ჩაატარეს და თითის ანაბეჭდების მეშვეობით ორი პირის იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებიც უკვე აღრიცხულნი იყვნენ ესპანეთში.
„დანარჩენთა იდენტიფიცირებისთვის თითის ანაბეჭდების მონაცემები მაროკოში უნდა გაიგზავნოს ამოცნობის პროცედურის გასავლელად“, — განმარტავენ ექსპერტები. კვირას, რაბატმა განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვართან მაროკოს მხრიდან, 11 ადამიანი დაიღუპა, რაც ესპანური ხელისუფლების მიერ დასახელებულ მსხვერპლთა რიცხვს აღემატება











