სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა მონაცემები ერევნის უხუცესთა საბჭოს (დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო) 17 სექტემბრის არჩევნებში ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობის შესახებ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, ანუ უბნების დახურვის დროისთვის არჩევნებში 824 250-იდან 234 553-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ხმის უფლების მქონე ამომრჩევლების 28,46%-ია.
ამგვარად, დაფიქსირდა ამომრჩეველთა რეკორდულად დაბალი აქტივობა, მსგავსი სურათი სომხეთის დედაქალაქში არასდროს დაფიქსირებულა.
სომხური პრესა აღნიშნავს, რომ დედაქალაქის არჩევნებზე, რომელიც გაიმართა 2018 წლის 23 სექტემბერს, „ხავერდოვანი რევოლუციის“ ეიფორიის ფონზე, საბოლოო აქტივობამ 43,65% შეადგინა (370 324 ამომრჩეველი 848 343-იდან), 2017 წლის 14 მაისს, ანუ „ხავერდოვანი რევოლუციამდე“ კი დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებზე აქტივობამ 40,99% (345226 ამომრჩეველი) შეადგინა.
ბიულეტენების 2,28%-ის დამუშავების შემდეგ (475 უბნიდან 14-იდან) 1773 ხმით ლიდერობს მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება". მეორე ადგილზე 1026 ხმით არის ჰაიკ მარუთიანის „ეროვნული პროგრესი“, მესამეზე ბლოკი „დედა სომხეთი“ 727 ხმით. შემდეგ მოდიან „რესპუბლიკა" (590) და „საზოგადოების ხმა" (541).