ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა და ის, საით მიდის ქვეყანა. მმართველმა გუნდმა ნაცვლად იმისა ეთქვა, რომ ევროპელი მეგობრების შენიშვნებს გაითვალისწინებდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინ, ისიც კი გვითხრა, რომ შესაძლოა საერთოდ უარი თქვან ამ სტატუსზე.
ყოველ შემთხვევაში ნიადაგი დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მოსინჯა, რაც შემდეგ მისმა კოლეგებმა უარყვეს და თქვეს, რომ ეს არ არის პარტიის პოზიცია. თუმცა ხუნდაძე ერთ-ერთი ის დეპუტატია, რომელიც „ამბოხდა“ და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ზარზეიმით დაანონსებული ივანიშვილის დაპირება „ჩააგდო“ რამდენიმე კოლეგასთან ერთად. ევროპარლამენტმა კი თავის რეზოლუციაში გვითხრა, რომ მედიის თავისუფლების მიმართულებით სერიოზული გამოწვევები გაჩნდა და მათ შორის საუბარი იყო პოლიტპატიმრების საკითხზეც. პირველ რიგში კი ნიკა გვარამიას კონტექსტში და ასევე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზეც. რეზოლუციაში გაჩნდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზეც. ევროპარლამენტის გზავნილებსა და დიმიტრი ხუნდაძის მუქარაზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს: _ ხუნდაძემ გვითხრა, რომ თუ „ასეთი უსამართლო“ იქნება ევროკავშირის მოთხოვნები, მაშინ ღირსებას არ დავკარგავთ და უარი უნდა ვთქვათ სტატუსზეო. გაბედავენ ამ ნაბიჯსაც და როგორ უნდა მოვიქცეთ ყველა, მათ შორის ოპოზიცია და მოქალაქეები, ვისაც ევროპული არჩევანი გვინდა? _ გუშინ დავწერე სოციალურ ქსელში ასე არ ქნან და უარი არ თქვან-მეთქი, მე ვიხუმრე და აგერ გვითხრა დეპუტატმა, კი ვიზამთო. მე მგონი ეს ბლეფია და გვემუქრებიან, თუმცა ძალიან დაბნეულები არიან. ქართულმა საზოგადოებამ და გარკვეულმა მედიამ დაამარცხა სტრასბურგში ივანიშვილი. ბუნებრივია, ეს ქმედებები არაადეკვატურია. გუშინ ერთმა ირაკლიმ [კობახიძემ] მეორე ირაკლისკენ [ღარიბაშვილისკენ] გაიშვირა ხელი, აი იმან შეიტანა და ეს კიდევ ბაკურიანში დაგეგმილი შეთქმულების შედეგიაო. მოკლედ, ივანიშვილის კარზე მე არ გამატყავო და მე არ დამკლა, ეს კამპანიაა ატეხილი. სრულიად დაბნეულები არიან, სასაცილოა მათი ქმედებები. რა ვიცი, რა გითხრათ. საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატობას, როდესაც მას ევროპა განიჭებს, ივანიშვილი ვერ წაართმევს. ამჟამად შემოვიფარგლები ასე - ვერ წაართმევს. _ ამ ვითარებაში, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მართლა აღასრულეს ის, რასაც ჯერ ხუნდაძის ენით გვეუბნებიან, რა გვრჩება ბრძოლის მეთოდად? _ დასავლეთის მხარდაჭერით ოკეანის გაღმა-გამოღმა, პარლამენტიც, ქუჩაც, მედიაც და ყველაფერი ერთად აღებული. უნდა იყოს პროტესტი, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ასეთი ქმედებები გაუვა. _ გგონიათ, რომ არ წავლენ ამ გზით? _ მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ წარმატებას რომ ვერ მიაღწევენ, ამაში დარწმუნებული ვარ. _ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ წარმატებას ვერ მიაღწევენ? თუ უარს იტყვიან ევროპულ გზაზე, გამოდის, რომ მათი გადმოსახედიდან უკვე წარმატებაა მოკლევადიან პერსპექტივაში. _ ბევრი მარჩიელობის გარეშე ვიტყვი - ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. _ ანუ პროტესტს აანონსებთ ამ შემთხვევაში. სწორად მივხვდი? _ დიახ.
  "პარლამენტში ყოფნას აზრი ყოველთვის აქვს. პირიქით, პარლამენტი არ უნდა მივატოვოთ. პარლამენტში რომ არ ყოფილიყვნენ დეპუტატები, ან ALDE-ს როგორ მიაღებინებდნენ რეზოლუციას, ან EPP-ს. პირიქით, პარლამენტში მუშაობა უნდა გააძლიერო და ეგენი უნდა დაასუსტო. პარლამენტიც, ქუჩაც, მედიაც - რა თქმა უნდა, ეს ერთობლივი ქმედებებია".
_ ჯერ რა თქმა უნდა არ არის ივანიშვილის სანქცირებაზე მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ევროპარლამენტის რეკომენდაცია დაასანქცირონ ის, ეს რას ნიშნავს? _ ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს ბრიუსელმა უთხრა, ჩემი ხელიდან მკვდარი ხარო. ახლა სანქციაზე ვინ იმუშავებს, როდის იმუშავებს და რას იზამს, ეგ უკვე მეშვიდეხარისხოვანია. მთავარია, რომ ის ბრიუსელმა გამოაცხადა მოსკოვის მტრული ბანაკის წარმომადგენლად. _ აქედან პასუხი არ იქნება? _ აგერ პასუხია, როდესაც გვემუქრებიან. არათანაზომადია, როდესაც ერთ მხარეს არის ბრიუსელი-ვაშინგტონი და სოლოლაკის შუშის სასახლე მეორე მხარეს. ძალიან არათანაზომადი კონგლომერატია. _ თუ მართლა დაადგნენ რუსულ გზას, მაშინ რატომ ვერ გვეუბნებიან? საზოგადოების ეშინიათ? _ საქართველოში ვინც გალუკაშენკებას დააპირებს, ის ლუკაშენკოსგან განსხვავებით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. დიახ, პირდაპირ ვერავინ ვერ ეტყვის ქართველ ხალხს, რომ აი მე მინდა პირდაპირ რუსეთში. ვინც ამას იტყვის, ამას შეეწირება ძალიან მძიმედ. _ თუ ამ გზით წავიდნენ, პარლამენტში ყოფნას აზრი აქვს? _ პარლამენტში ყოფნას აზრი ყოველთვის აქვს. პირიქით, პარლამენტი არ უნდა მივატოვოთ. პარლამენტში რომ არ ყოფილიყვნენ დეპუტატები, ან ALDE-ს როგორ მიაღებინებდნენ რეზოლუციას, ან EPP-ს. პირიქით, პარლამენტში მუშაობა უნდა გააძლიერო და ეგენი უნდა დაასუსტო. პარლამენტიც, ქუჩაც, მედიაც - რა თქმა უნდა, ეს ერთობლივი ქმედებებია. [caption id="attachment_886334" align="aligncenter" width="300"] "საქართველოში ვინც გალუკაშენკებას დააპირებს, ის ლუკაშენკოსგან განსხვავებით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს"[/caption]   _ ბოლოს, თქვენი და ხათუნა სამნიძის თავდასხმასთან დაკავშირებითაც გკითხავთ - თუ დაიძრა საქმე? _ კი, სასამართლო მიდის. ერთს ორწლიანი შეუფარდეს, მეორე არც დაუკავებიათ. სრულიად მკაფიოდ ჩანს, რომ ვინც მაგათაც ნერვებს უშლიდა, ის მოიშორეს და როგორც ჩანს, ვინც მაგათი პარტნიორია, ის თავისთვის დაიტოვეს. _ გაქვთ მოლოდინი, რომ ამ საქმესთან მიმართებით სამართალი იზეიმებს? _ ამ ქვეყანაში სამართალი... ყოველ შემთხვევაში ვნახავთ, ივლისის ბოლოს ჩაინიშნა სასამართლო. ეს იყო წახალისებული ხელისუფლების მიერ. ეს ადამიანები სახელისუფებო ორკების შემადგენლობაში არიან, შემთხვევით კი არ გაბრაზებულან. მიჩვეულები არიან, რომ მათ ეს შერჩებათ. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი