„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის თვის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს, რაც წინა, ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,7% პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, ხოლო აპრილის პროგნოზთან შედარებით 1,9% პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ IMF-ის მიერ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე ორჯერ გაზრდა, მათ შორის, განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 2026 წელს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გლობალურად - ჩვენი ეკონომიკური ზრდა აჭარბებს როგორც ევროკავშირის კანდიდატი, ასევე ევროკავშირის ქვეყნების და ჩვენი სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებელს 2,8-ჯერ აღემატება. ზოგადად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-ს შეადგენს და წინა პროგნოზთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელიც გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აქცენტს აკეთებს, რომ 2026-31 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, ასევე ლიდერი იქნება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ამასთან, 2021-26 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო - ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით მოცემულ წლებში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.

„შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს - ერთი მხრივ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, მეორე მხრივ კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შევინარჩუნოთ. ეს საბოლოო ჯამში, ასახულია არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თუ საკრედიტო რეიტინგის შეფასებებში და, რაც ყველაზე მთავარია, აისახება ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.