Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა უფასო ინტერნეტის პროექტის Internet.org ფარგლებში წარმატებული ტესტების თაობაზე განცხადება გაავრცელა. ცუკერბერგის კომპანია მომავალში უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით ინტერნეტის გავრცელებას გეგმავს.
თვითმფრინავების პროექტს Aquila დაარქვეს. თვითმფრინავი ინტერნეტს ლაზერული კომუნიკაციის საშუალებით ავრცელებს.
“აქილას Boeing 737-ის ფრთები აქვს დამონტაჟებული, თუმცა მისი წონა მსუბუქ ავტომობილზე ნაკლებია და მიწაზე დაუშვებლად თვეების განმავლობაში შეუძლია ყოფნა და ინტერნეტის გავრცელება.
ჩვენ მოვახდინეთ გარღვევა ლაზერული კომუნიკაციების ტექნოლოგიაში. ჩვენ წარმატებულად შევამოწმეთ ახალი ლაზერი, რომელსაც წამში 10 გიგაბიტი ინფორმაციის გადაცემა შეუძლია. ეს ათჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე არსებული სისტემა. ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მსოფლიოში მოსახლეობის 10% ცხოვრობს ისეთ რაიონებში, სადაც ინტერნეტის ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკაა – თვითმფრინავის გამოყენება, ლაზერით კავშირების დამყარებისთვის. მაგრამ სამეცნიერო ფანტასტიკა ხშირად მხოლოდ მეცნიერებაა… უახლოეს თვეებში ჩვენ შევამოწმებთ ამ სისტემებს რეალურ სამყაროში!”, – აცხადებს ცუკერბერგი საკუთარი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.