ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი უნგრეთის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რკინიგზაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი ქვეყანას სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.
შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: სარკინიგზო უსაფრთხოება და თავსებადობა, მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობების გაცემა, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიცირება, უსაფრთხოების სერტიფიცირება და ავტორიზაცია, უსაფრთხოების მართვის სისტემების შეფასება და ეფექტიანი ზედამხედველობა.
საუბრისას აღინიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათი პროფესიული კომპეტენციების ზრდას და სარკინიგზო უსაფრთხოების რეგულირებისა და ზედამხედველობის პროცესში პრაქტიკული უნარების განვითარებას.
დელეგაცია უნგრეთიდან საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ერეკლე კეჟერაშვილი.




