"2 ივნისი იყო ნამდვილად ისტორიული დღე, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენს სატრანსპორტო ქსელს რეგიონში დაემატა სრულიად ახალი, თანამედროვე სარკინიგზო ქსელი და ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო გავაღრმავოთ კავშირები ევროპასა და აზიას შორის“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს აღნიშნული დერეფნის კონტექსტში.
„აღნიშნული სარკინიგზო ქსელი აკავშირებს როგორც ცენტრალურ აზიას თურქეთთან და ევროპასთან, ასევე სამხრეთ კავკასიას თურქეთთან და ევროპასთან, რაც გვაძლევს დამატებით ალტერნატივებს იმისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმართულებასა და ერთ მარშრუტზე. შესაბამისად, აღნიშნული სარკინიგზო ქსელი, სრულ ექსპლუატაციაში შესვლით გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შევძლებთ, სრულად დავტვირთოთ აღნიშნული სატრანსპორტო ქსელი და სრულად შევძლოთ მომსახურება არამარტო რეგიონის ჭრილში. ეს ასევე არის სიგნალი მსოფლიოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ შუა დერეფნის კონტექსტში ჩვენი როლი კიდევ უფრო ძლიერდება“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.




