სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

სითი მოლი ზრუნავს მის ტერიტორიაზე ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამასთან, გმობს ყველა სახის ძალადობას და უკანონო ქმედებას, მათ შორის ცხოველთა მიმართ.

სითი მოლში მიუსაფარი და აუცრელი ძაღლების მიერ მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მიუსაფარი ძაღლების უსაფრთხოდ გადაყვანა განხორციელდა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მიუსაფარი და აუცრელი ძაღლების თავდასხმის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სითი მოლს და არა რომელიმე პირს ან პირთა ჯგუფებს, რომლებიც ცხოველების დაცვის მიზნით უსაფუძვლოდ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. გარკვეული ჯგუფების მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ გავრცელებული ცრუ და სახელგამტეხი ინფორმაციის, გამოხატული უკმაყოფილების მიუხედავად, სითი მოლი მომავალშიც უზრუნველყოფს სავაჭრო ცენტრში მომხმარებლების, მათ შორის ბავშვებისთვის და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას." - წერს სავაჭრო ცენტრი.