"სისტრას ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გამოვეხმაუროთ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია არ ითვალისწინებს სისტრას ჯგუფის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ზედმიწევნით და სკურპულოზურად მიყვება სისტრას ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ 10 ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს.
სწორედ სისტრას ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდა ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია და დაგეგმარება. იგივე პრინციპით მოხდა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია.
გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ, როგორც ფრანგული, ასევე ზოგადად, ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკა უპირობო უპირატესობას ანიჭებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში, კერძო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ. ეს ხდება ისეთ ქუჩებზე, სადაც ორი განცალკევებული ხაზის დაპროექტება შეუძლებელია სივიწროვის გამო.
ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და მის გაუმჯობესებას ალტერნატივა არ გააჩნია, თუკი ჩვენ შვილების მომავალზე, კომფორტულ ურბანულ გარემოსა და ეკოლოგიაზე ვზრუნავთ.
და ბოლოს, ჩვენი ჯგუფი თხოვნით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის „სისტრას“ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს, მით უმეტეს მათი არასწორი ინტერპრეტაციით, რადგან იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე ესოდენ მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.