„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ივნისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის ივნისში საქართველოში წარმოებული იყო 1, 342523 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 11,2%-ით ნაკლებია წინა წლის ივნისში წარმოებულთან (1, 511288 მლრდ კვტსთ) შედარებით.
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 6,626075 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული, რაც 2024 წლის იანვარ-ივნისში გამომუშავებულ მოცულობაზე (7,334521 მლრდ კვტსთ) 9,7%-ით ნაკლებია.
საქართველომ 2025 წლის იანვარ-ივნისში 7,172277 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2024 წლის იანვარ-ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (7,034501 მლრდ კვტსთ) 2,0%-ით აღემატება.
2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2025 წლის იანვარ-აპრილში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შემცირებულია 1,239115 მლრდ კვტსთ-დან 970,962 მლნ კვტსთ-მდე ანუ 21,6%, ჰიდროსადგურების 6,056041 მლრდ კვტსთ-დან 5,61207 მლრდ კვტსთ-მდე ანუ 7,3%-ით, ხოლო ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა გაზრდილია 39,367 მლნ კვტსთ-დან 42,423 მლნ კვტსთ-მდე ანუ 7,8%-ით.
ოკუპირებულ აფხაზეთს 2025 წლის ივნისში 143.363 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით (160.325 მლნ კვტსთ) 10,6%-ით ნაკლებია. ამასთან 2025 წლის იანვარ-ივნისში ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (1,300993 მლრდ კვტსთ) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,367972 მლრდ კვტსთ) შემცირებულია 4,9%-ით.
ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2025 წლის იანვარ-ივნისში მოიხმარა იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული მოცულობის (989,622 მლნ კვტსთ) 58,4% ანუ 578,404 მლნ კვტსთ. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთს იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული მოცულობის (456,977 მლნ კვტსთ) 91,4% ანუ 417,632 მლნ კვტსთ ჰქონდა მოხმარებული.
ოკუპირებულ აფხაზეთს 2025 წლის იანვარ-ივნისში ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული 1,55468 მლრდ კვტსთ-დან მიეწოდა 722,589 მლნ კვტსთ ანუ სრული გამომუშავების 46,5%.
2024 წლის იანვარ-ივნისში ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული 1,962204 მლრდ კვტსთ-დან მიეწოდა 950,34 მლნ კვტსთ ანუ სრული გამომუშავების 48,4%.
მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ენგურის და ვარდნილის ჰესებზე მიმდინარე წლის ხუთ თვეში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.8%-ით ნაკლები ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული.
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მეზობელი ქვეყნებისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობამ 443,44 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტირებული მოცულობის (756,998 მლნ კვტსთ) 58,6%-ს შეადგენს.