საქართველო და ისლანდია გეოთერმული ენერგიების განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობას ენერგოეფექტურობის, განახლებადი და გეოთერმული ენერგიის განვითარების მიმართულებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, წაახალისონ თანამშრომლობა საქართველოში ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. მემორანდუმის ძირითადი ასპექტებია სამთავრობო ინსტიტუტებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროფესიულ ორგანიზაციებსა და სავაჭრო პალატებს შორის კავშირების დამყარება და განახლებადი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
ხელმოწერამდე საქართველოს დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა ისლანდიის გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრ გუდლაუგურ თორ თორდარსონთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ორ ქვეყანას შორის გეოთერმული ენერგიების განვითარების განხრით.
ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, რომლებიც ისლანდიაში გეოთერმული ენერგიის გამოცდილებას შეეხებოდა. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 50 ქვეყნის 800 დელეგატი. საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენლები. ასევე გაიმართა შეხვედრები როგორც სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ისე საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელზეც განიხილეს საერთაშორისო გამოცდილებები და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.