მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჰონკონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის. მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პროექტი განიხილეს

. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება, ამასთან, საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.

 მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონკონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ საქართველოსა და ჰონკონგს შორის ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად.

„ჰონგონგი არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ცენტრი აზიის რეგიონში. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ჰონკონგს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების ხელშემწყობ წინაპირობას ქმნის. დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ავიკომპანიების მხრიდან ახალი მიმართულების მიმართ დაინტერესება გაიზრდება.“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა.