ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რკინიგზას მგზავრებისთვის საინტერესო სიახლეები აქვს. კომპანიაში უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი. დაწყებულია სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია, მათ შორისაა: თბილისის, ფოთის, ურეკის, ქობულეთის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ჭიათურის სადგურები. საქართველოს რკინიგზა დამატებით 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს, რის შემდეგაც მაგისტრალური რეისები სრულად ახალი შემადგენლობებით შესრულდება.

ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრობის დროის შემცირებაზე. ზაფხულის სეზონის ბოლოსთვის რკინიგზა მგზავრებს ბათუმში, 5 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 4 საათში ჩაიყვანს.

„არსებულ რეისებს ორი ახალი მიმართულება დაემატება: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი. ამჟამად მიმდინარეობს თბილისი-ახალციხის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, კაპიტალურად შეკეთდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც მგზავრებს ახალციხეში სამ საათში ჩავიყვანთ. ასევე ვიწყებთ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის აღდგენას. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ე.წ. კუკუშკას, რომელიც მგზავრებს 2027 წლიდან მოემსახურება.“ - აცხადებს ლაშა აბაშიძე.