ინტერვიუ  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)„მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის კაპიტალის ბაზრების მრჩეველთან, ილია გოგიჩაიშვილთან.

– ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება საქართველოში – რა ძირითადი მიმართულებით არის საქართველოში საჭირო კაპიტალის ბაზრის განვითარება?

– დღეს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი სუსტად არის განვითარებული და კომპანიების აბსოლოტური უმრავლესობა საბანკო სესხების მეშვეობით ფინანსდება. ბაზარზე არის როგორც ‘მიწოდების’ პრობლემა – შეზღუდულია კომპანიების რაოდენობა, რომლებიც კაპიტალს ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით იზიდავენ, ასევე ‘მოთხოვნის’ პრობლემა – ქვეყანაში არის შეზღუდული გრძელვადიანი ლარის რესურსი დანაზოგის სახით. ბაზარზე არის ლიკვიდობის პრობლემა, შესაბამისად ის კომპანიები, რომლებიც არიან საკმარისი ზომის, აქვთ ისტორიულად კარგი მიღწევები და შესაბამისი კორპორატიული მმართველობა ცდილობენ კაპიტალი უცხოეთის ბაზრებზე მოიზიდონ. პირველ რიგში საჭიროა სამართველიბრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება, რომელზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და აგრეთვე საბაზრო ინფრასტრუქტურის განახლება, რაც გარკვეულ ინვესტიციებს მოითხოვს. საქართველოში პირველ რიგში უნდა მომზადდეს შესაბამისი გარემო და პლატფორმა, განახლდეს ინფრასტრუქტურა, რის პარალელურადაც კომპანიები უნდა გადავიდნენ ფინანსური აღრიცხვისა და კორპორატიული მმართველობის იმ სტანდარტებზე, რომ კაპიტალის ბაზრების მეშვეობით შეძლონ დაფინანსების მოზიდვა. ბაზარზე ლიკვიდობის შექმნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი დანაზოგის მობილიზებას, რაც პირველ ეტაპზე საპენსიო რეფორმას და საპენსიო ფონდის შექმნას გულისხმობს. ამ საკითხზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის რეფორმირების პარალელურად.

– რამდენად არიან ქართული შიდა ინვესტორები მზად იმისთვის რომ საკუთარი ქონება ფასიან ქაღალდებში დააბანდონ და რა არის ამის განვითარებისთვის საჭირო?

კაპიტალის ბაზრის განვითარება გულისხმობს პროცესებში ფართო საზოგადოების მონაწილეობას, თუმცა ამ ეტაპზე საცალო სეგმენტი არ არის  ფართო მონაწილეობისთვის მზად. ეს საწყის ეტაპზე ორგანიზებული ფორმით უნდა მოხდეს, კერძოდ საპენსიო ფონდის მეშვეობით, რომელსაც გამოცდილი მენეჯერები მართავენ. პერიოდულად გაიზრდება ცნობადობა, მოსახლეობაში გაჩნდება საჭირო სპეციფიური ფინანსური განათლება, რის შემდეგაც ფართო მასები ჩაერთვება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში.

– რამდენად უწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას?

მაღალია კორელაცია კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობას შორის. განვითარებული კაპიტალის ბაზარი ხელს უწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას, რასაც დადებითი ეფექტი აქვს ეროვნულ ვალუტაზე. ასევე როგორც აღვნიშნე, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნშვენელოვანია ადგილობრივი დანაზოგის მობილიზება. დღეს საქართველოში არ არის გრძელვადიანი რესურსი ეროვნულ ვალუტაში, რაც არის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იმისა რომ ქვეყნაში არის ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე. როდესაც დოლარიზაციის დონე მაღალია, გარე შოკებს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, რისი მომსწრენიც გავხდით ბოლო პერიოდში საქართველოში და რამაც იქონია დიდი გავლენა ლარის გაუფასურებაზე. როდესაც კაპიტალის ბაზრების განვითარების პარალელურად საქართველოში გაჩნდება გრძელვადიანი ლარის რესურსი, ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ვალუტის სტაბილურობას.

– არის თუ არა ამ კუთხით ხარვეზები კანონმდებლობაში და კერძოდ რა მიმართულებით არის საჭირო ცვლილებები? რას გულისხმობს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეფორმები რომელიც 2018 წლამდე უნდა განხორციელდეს

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს კაპიტალის ბაზრის სამუშაო ჯგუფმა გამოუშვა საქართველოს კაპიტალის ბაზრის დიაგნოსტიკური კვლევა, რომელიც მომზადდა აზიის განვითარების ბანკის მიერ და USAID-ის მმართველობა განვითარებისათვის პროექტის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს დელოიტ კონსალტინგი. კვლევაში მოცემულია 43 კონკრეტული რეკომენდაცია სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით, მათ შორის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების კუთხით. საკანონმდებლო ცვლილებათა პირველი ფაზის განხორციელება იგეგმება 2016 წლის დეკემბერში, რომელიც გულისხმობს დღეისათვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზების გაუმჯობესებას. საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე ფაზა, რომლის განხორციელებაც იგეგმება 2018 წლის დეკემბერში გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ ევროკავშირის 22 დირექტივასთან შესაბამისობას.

– რომელი ქვეყნის მოდელია საქართველოსთვის მომგებიანი ბირჟის განვითარების კუთხით?

მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება და საქართველოში არსებულ რეალობაზე მორგება. ქვეყნის ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ძირითადი ფოკუსირება უნდა გაკეთდეს მცირე და საშუალო ზომის კომპანიების დაფინანსებაზე. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა ვარშავის NewConnect, ასევე Euronext/Alternext და ლონდონის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზარი (AIM), რომლებიც ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ზომის, ადრეულ ეტაპზე მყოფი, ვენჩურული კაპიტალით მხარდაჭერილი, მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებზე, ისევე როგორც შედარებით პატარა დამკვიდრებული კომპანიების დაფინანსებაზე.