გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო პროგრამების და პროექტების კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავლის“ შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულია 22 ათას ჰექტარამდე თანამედროვე ბაღი.
"ჩვენი გათვლებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის ღირებულება, 2023 წელს, 150 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში ბაღებიდან მიღებული მოსავალი მნიშვნელოვნად მზარდი იქნება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით და საპროგნოზო მაჩვენებლით. 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში წარმოებული პროდუქციის ღირებულება 500 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ცალკეული კულტურების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები აისახა ექსპორტზეც, რომელმაც გასულ წელს 204 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გამოსაყოფია არა მხოლოდ ქვეყნისთვის ტრადიციული ხილის ექსპორტი, არამედ ისეთი მრავალწლოვანი კულტურების ექსპორტიც, რომელიც გასულ წლებში მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ ხორციელდებოდა. ასეთია მაგალითად მოცვი, დაფნის ფოთოლი და სხვა. მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 20 მლნ დოლარს გადააჭარბა. ყოველწლიურად ველოდებით ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას, მაშინ როცა, რამდენიმე წლის წინ მოცვის ექსპორტი საერთოდ არ ხორციელდებოდა, ვინაიდან ფაქტობრივად წარმოება არ გვქონდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობის საკითხს და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენიმე წელია მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. მხოლოდ საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დღემდე დაფინანსებულია 400-მდე ახალი გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. ამ ახალი საწარმოების მიერ რეალიზებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების ღირებულება 1.7 მლრდ ლარს აჭარბებს და მათ მიერ ბიუჯეტში განხორციელებული გადახდა 115 მლნ ლარს აღემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 146 ათას ტონამდე პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას.