გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ზუგდიდში გამართულ კონფერენციაზე, მეთხილეობის დარგის გასული წლის შედეგები შეაჯამეს და აღნიშნული მიმართულების სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საბანკო და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მეთხილე ფერმერები, გადამმუშავებლები და ექსპორტიორები ესწრებოდნენ. კონფერენციის მხარდამჭერი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრული გეგმის, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, დღეს მეთხილე ფერმერებს მეტი რესურსი აქვთ იმისათვის, რომ ხარისხიანი მოსავალი მოიყვანონ და მეტი შემოსავალი მიიღონ.
ყურადღება გამახვილდა, პრემიერის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების პროგრამაზე“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობს ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. ამ ეტაპზე უკვე რეგისტრირებულია 35 ათასამდე ჰექტარი ფართობი. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 17 თებერვლის ჩათვლით გრძელდება (www. rda.gov.ge).
„დარგის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში, ხოლო თხილის სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ და აგროსამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის,
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეშვეობით, გაგრძელდება ფერმერების ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 2013 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის 30 000-მდე წევრს (2886 სამუშაო ჯგუფი) აერთიანებს. ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოში თხილის მოვლასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდაა.
ქ. ზუგდიდში გამართულ კონფერენციაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ, ხაზი გაუსვა რეგიონისთვის მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსავლის ხარისხის ზრდას.
„ამერიკის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, გააგრძელებს თხილის სექტორის მხარდაჭერას, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, გაზარდოს ექსპორტი და რეგიონებში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნას,“ - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური ოფისის დირექტორის მოადგილემ, ენი სტიდმა.