„მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო სტრატეგია თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვებთან“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს ტურიზმის, სამთო კურორტებისა და ავიაციის სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრაზე მაია ომიაძემ 2023 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები შეაჯამა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მომავალი გეგმები გააცნო.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, ჩვენ შევაჯამეთ 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია, კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ საერთო აქტივობები, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია, გავხსნათ ახალი მიმართულებები, მოვიზიდოთ უფრო მეტად მსყიდველუნარიანი ტურისტები. ძალიან მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვასთან და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა ვიმსჯელეთ ტურიზმის აღდგენის დინამიკის, მარკეტინგული კამპანიების, ტურისტული ბაზრების შესახებ, თუ რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე გავეცანით სტატისტიკურ მონაცემებს, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირი და კომუნიკაცია გვქონდა სახელმწიფო ორგანიზაციებთან“,-განაცხადა სასტუმრო Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure-ის წარმომადგენელმა ალექსანდრა პოპსუევამ.
ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმისკომიტეტის შეხვედრას სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიებით, ახალი ავაირეისების დანიშვნითა და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებით.