„საქართველოსა და სერბეთს აკავშირებთ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და კულტურული სიახლოვე. ეს ადამიანური და კულტურული ურთიერთობების საფუძველი გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ბელგრადში გამართულ საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„მსურს, ხაზი გავუსვა იმ ორმხრივ მხარდაჭერასა და ურთიერთპატივისცემას, რომელსაც საქართველო და სერბეთი ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იჩენენ. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი შესაძლებლობას გვაძლევს, ვისაუბროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ვიზიტს, რომელიც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო ქვეყნებს შორის ორმხრივი მზაობის შესახებ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამასთან, დადებითად შეაფასა საქართველოში სერბეთის სრულფასოვანი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება.
„მივესალმებით სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, უახლოეს პერიოდში თბილისში მუდმივმოქმედი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისკენ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.




