„ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად თბილისი-ბათუმის მატარებლით იმგზავრა. მგზავრობის დრომ 5 საათისა და 35 წუთის ნაცვლად, მხოლოდ 4 საათი შეადგინა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს რკინიგზისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან სამგზავრო მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ მგზავრობის დროის შემცირება იყო.
„როდესაც წარვადგინეთ ერთი მხრივ, საქართველოს რკინიგზის შედეგები და მეორე მხრივ, ის გეგმები, რომელიც დაისახა მიმდინარე წელს, ისევე როგორც მომდევნო ორ წელზე, ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი სამგზავრო მიმართულებით, ეს გახლდათ თბილისი-ბათუმის მარშრუტის 5 საათნახევრიდან 4 საათამდე შემცირება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს იყო საკმაოდ კომპლექსური საოპერაციო გადაწყვეტა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზას მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის. მინისტრის შეფასებით, სამგზავრო დროის შემცირება განსაკუთრებით პოზიტიურად ტურიზმის სექტორზე აისახება.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას ამ ძალიან მნიშვნელოვანი, გაწეული სამუშაოსთვის, ეფექტური მუშაობისთვის. ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე ზოგადად შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.










