„მისასალმებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, თუმცა, განსაკუთრებით მისასალმებელია ხარისხიანი უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ციტრუსის განახლებული საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შპს „იბერია ორბსის“ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხანა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა. საწარმო ამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის სარეალიზაციოდ, ასევე აქვს 3000 ტონამდე სამაცივრე მეურნეობა ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მზად არიან, მიმდინარე წელს შეისყიდონ და გადაამუშაონ მანდარინი ადგილობრივი ფერმერებისგან.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება და შეუძლია ცოდნა, კვალიფიკაცია და კომპეტენცია შემოიტანოს რეგიონში. მისივე შეფასებით, ეს არის გრძელვადიანი ინვესტორი, რომელსაც ესმის და აქვს გამოცდილება წარმოების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკვებ ინდუსტრიაში და შესაბამისად, ამ საქმის წარმატებით გაგრძელებისთვის არსებობს ყველა წინაპირობა, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ინვესტიციები იყოს წარმატებული.
„ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი - ამ საწარმოდან შესაძლოა მივიღოთ უკვე კარგად მოდერნიზებული, კონკურენტუნარიანი ახალი საწარმო, რომელსაც განვითარების დიდი პერსპექტივა ექნება - საუბარია არამხოლოდ ამ საწარმოს ახალ სიცოცხლეზე, არამედ მის შემდგომ განვითარებაზე, რაც დამატებითი წარმოების ახალი ხაზების გაშვებას გულისხმობს და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საწარმო იმ ღირებულებათა ჯაჭვში, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებას სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების, მათი მოსავლის დაბინავების კუთხით, ასევე გააძლიერებს ჩვენს საექსპორტო პოტენციალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
„შპს იბერია ორბის“ ციტრუსის განახლებული საწარმოს გახსნას ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.