„ბოლო პროგნოზით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 პროცენტს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,2 პროცენტს შეადგენს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების ბოლო შეფასების კომენტირებისას.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის 5 კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით 2023 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ - ს მაჩვენებელმა ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებლის 41 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2029 წლისთვის 51 პროცენტს გადააჭარბებს. შედარებისთვის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის - ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 2029 წელს 42 პროცენტი, ხოლო მოლდოვის - 39 პროცენტი იქნება.
„სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური პროგნოზი ცალსახად მეტყველებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის თანამიმდევრულობაზე. ამასთან, ჩვენი პროგნოზი კიდევ უფრო მეტად ოპტიმისტურია და ვფიქრობთ, რომ სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზს წლის განმავლობაში, ზრდის მიმართულებით კიდევ გადახედავენ,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.