ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენას CIFTIS – 2026 ესწრება, სადაც  საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად არის წარმოდგენილი.

პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს.

საქართველოს პავილიონში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, პეკინის ვიცე-მერს, თანგ ვენხუნგს უმასპინძლა, რომელმაც პავილიონში წარმოდგენილი ქართული ღვინო დააგემოვნა. პეკინის ვიცე-მერმა ინფორმაცია მიიღო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს თაობაზე. 

CIFTIS მომსახურებით ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.

წლევანდელი გამოფენის თემაა „გლობალური მომსახურებები, საერთო კეთილდღეობა“. ღონისძიებაში წარმოდგენილია 90 ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია, ხოლო ადგილზე მონაწილეობას 1,800-ზე მეტი კომპანია იღებს. 

საქართველოს ეროვნულ პავილიონთან მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის, მისი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, აგრეთვე შუა დერეფანსა და სატრანსპორტო - ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, ღვინის 8000 წლოვან წარმოებაზე, ასევე ქვეყნის საქონლისა და მომსახურების საექსპორტო შესაძლებლობებზე.   

CIFTIS-ში საქართველოს მონაწილეობა ხელს უწყობს ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობას ჩინური და საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ქმნის საფუძველს სავაჭრო, საინვესტიციო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.