სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დაკავებას "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმაურება:

"უჩა იმიტომ კი არ დაუჭერიათ, რომ ჰოუმ პორნოს იღებდა.
ამას როგორც თავად ამბობენ 2019 წლიდან აკეთებდა.
პოლიტიკურად, რომ გააქტიურდა იმიტომ დაიჭირეს. 
ანუ, რა მოხდა ჩემი წარმოდგენით:

შეძვრნენ კომპიუტერში, იპოვეს მასალა და მიხვდნენ, რომ რეპუტაციულად დაზიანება შეეძლოთ, რის შემდეგაც ყველას დაავიწყდებოდა ამ თემის “პოლიტიკურობა”.

თუმცა, მხოლოდ ჰოუმპორნოს გამო, პოლიტიკურად აქტიური ადამიანის დაჭერა ნამეტანი იქნებოდა, ამიტომ დაამატეს იარაღი, ბევრი იარაღი!
ასეთ დროს რთულია იდეალურად დაამენეჯმენტო ყველაფერი და შემთხვევით სათამაშო თოფების სათამაშო პლასტმასის ტყვიებს ფოტოები გადაუღეს და დადეს, დანარჩენ სათამაშო და გაფორმებულ ფიშტოებთან ერთად.

ოღონდ, მას შემდეგ რაც მიხვდნენ რომ ამ ფიშტოებს ვერაფერში გამოიყენებდნენ და ისევ “პორნოების” იმედად რჩებოდნენ, გაფორმებული იარაღის ტყვიებში (რაც ნებადართულია) გაურიეს სამხედრო ტყვიები, რაც აკრძალულია, ამ ვარაუდს მიძლიერებს ის, რომ ასე მოექცნენ იმ საცოდავ “დედისერთა ფაშისტს”, რომელიც დიდი ხანი ტყუილად იჯდა ციხეში, მაგრამ მისი რეპუტაცია მოგეხსწნებათ ისევე გაანადგურეს, როგორც ახლა უჩას შემთხვევაში და ამიტომაც ჰკიდია საზოგადოებას ის, რომ უდანაშაულო ადამიანი იჯდა ციხეში.
ვისაც არ გახსოვთ, მარტო ჩვენ ვითხოვდით დედისერთა ფაშისტის გამოშვებას.
უჩას ქეისმა, რეალურად ძალიან დააზიანა ხელისუფლება, უჩა არაა პოლოტიკოსი, მარა ხელისუფლებამ ღიად დაადასტურა ამ საქმეში, რომ ყველაფერზეა წამსვლელი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად.

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ გაიგოს ხელისუფლების ბრძოლის მეთოდების შესახებ და იმის შესახებაც თუ როგორ ხდება ადამიანური სისუსტეების გამოყენება, თუ ოდესმე პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას გადაწყვეტთ.

და ბოლოს, პოლიტიკური პატიმარი უდანაშაულოს არ ნიშნავს, პოლიტიკური პატიმარი მაშინ ხარ, თუ პოლიტიკური აზრის დაფიქსირების გარეშე ციხეში არ იჯდებოდი. როგორც უჩა არ იჯდა 2019 წლიდან დღემდე."

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარი იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა. 

ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს. 

აღნიშნული გზით, 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში. აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.

ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას - სამხედრო სპეციალური დანიშნულების 30 ცალ ვაზნას.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, ერთ-ერთ მათგანს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.