„2025 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა როგორც უშუალოდ ექსპორტის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვრის მონაცემით, ჩვენ ექსპორტის ორნიშნა, 19%-იანი ზრდა გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე განთავსების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
2025 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა - ექსპორტი 11.2 პროცენტით გაიზარდა და 7.3 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 10.3 პროცენტით გაიზარდა და 25.9 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება 2026 წლის იანვრის მონაცემებს, ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ექსპორტისა და ვაჭრობის მაჩვენებლების რეკორდულად ზრდის ტენდენციას ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიიღო სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში - გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის არაერთი შეთანხმება, რის შედეგადაც შესაძლებელია ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე უფრო კონკურენტუნარიანად განთავსება.
„მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების 95% სწორედ აღნიშნულ ბაზრებზე მოდის - ვისთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პოლიტიკას, რომ უფრო მეტ მნიშვნელოვან, დიდ ბაზრებთან გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი საექსპორტო პროდუქციის კიდევ უფრო მეტ დივერსიფიცირებას“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.




