ქართული ღვინის გალერეა კომპანია  "ტიბანელმა" გახსნა,  რომელიც 2008 წლიდან გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.

გალერეაში, რომელიც  ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე Savini  platz--ზე მდებარეობს,  მხოლოდ ქართული დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იქნება წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე  ღვინის გალერეაში  კომპანიების - "მეღვინეობა გრანელი",  "ასკანელი", "ტყუპების ღვინის მარანი", "ყვარლის სარდაფი", "ალავერდის ღვინოები" -  25 დასახელების  პროდუქცია  იქნება წარმოდგენილი.  გალერეაში  ქართველი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. 

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  განაცხადა,  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაცის ხელშეწყობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ქართული ღვინის გალერეის გახსნა ბერლინში სწორედ ქართული პროდუქციის  მიმართ ცნობადობის გაზრდას და ინტერესის გაღრმავებას ემსახურება. 

გალერეის გახსნის ღონისძიებას   სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.