ბათუმში მდებარე სტადიონი, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე „აჭარაბეთ არენას“ სახელით იყო ცნობილი, ამიერიდან „ბათუმი არენას“ სახელწოდებით გააგრძელებს ფუნქციონირებას.
2021 წლის 23 ივლისს, ელექტრონული აუქციონის საფუძველზე შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სტადიონის კომერციულ სახელწოდებად განისაზღვრა „აჭარაბეთ არენა“. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის ივლისში ამოიწურა.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და აღნიშნული პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბათუმის ცენტრალური სტადიონის კომერციულ სახელწოდებად კვლავ — „ბათუმი არენა“ — დამკვიდრდეს.
სტადიონის ოფიციალურ სახელწოდებად ამიერიდან „ბათუმი არენა“ გამოიყენება და მისი საქმიანობა, არსებული ინფრასტრუქტურული და საოპერაციო პროცესები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ახალი სახელწოდება ბუნებრივად უკავშირდება სტადიონის ადგილმდებარეობას, ქალაქ ბათუმს, და წარმოადგენს სტადიონის იდენტობის შემდგომ ეტაპს წინა კომერციული სახელწოდების შესახებ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ.
გთხოვთ, მიიღოთ აღნიშნული ინფორმაცია მხედველობაში და ამიერიდან, შესაბამის კომუნიკაციებსა და მასალებში, ბათუმის ცენტრალური არენა მოიხსენიოთ როგორც „ბათუმი არენა“.




