ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალური დაფა და 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი -კაპრალი დავით ბლიაძე ქვიშხეთშია დაკრძალული, კაპრალი ზაურ მახარაშვილი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ მედალი "მხედრული მამაცობისთვის" გადაეცა, მისი მშობლიური სოფლის - ოსიაურის სასაფლაოზე განისვენებს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერმა კაპრალმა გიორგი წიქარიშვილმა კი სამუდამო განსასვენებელი თბილისის ძმათა სასაფლაოზე პოვა.

მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გმირების სიმამაცე და თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაშვებულია.