“ასოცირების ხელშეკრულებიდან ერთი წლის თავზე, ჩვენ მოვახერხეთ მისი დარღვევა”

ეროვნული ბანკის შესახებ ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, ყველა კანონს, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, ვეტო დაედება.

“გარკვეულწილად სიმბოლურია, ასოცირების დღის წესრიგის გაფორმებიდან ერთი წლის თავზე ჩვენ მოვახერხეთ მისი დარღვევა. ყოველივე ამის შემდეგ რჩება ერთი მარტივი კითხვა – როდესაც ერთის მხრივ არის 4 საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ასეთი ღიად დაფიქსირებული ნეგატიური პოზიცია, როდესაც არსებობს წინააღმდეგობა ასოცირების დღის წესრიგთან, როდესაც რისკის ქვეშ დგება ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, როდესაც მთლიანად საფრთხე ექმნება საბანკო ზედამხედველობას – რა არის ამ ცვლილების არსი საბოლოო ჯამში?”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდება 4 საფინანსო ინსტიტუტთან ურთიერთობის კუთხითაც, რომლებმაც კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერმინისტრს მიმართეს.

“როდესაც შენ მეგობრები გირჩევენ და შენ არ ითვალისწინებ და უფრო მეტს აკეთებ საპირისპიროდ, ცხადია, მეგობრები ბრაზდებიან”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ დაგეგმილ ცვლილებებზე საკუთარი რეკომენდაციებით ქართულ მხარეს სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა მიმართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...