საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედლით გუნდურ ჩათვალაში მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირის პირველი მედლები საქართველოს 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამინ შამილიშვილმა მოუტანა – მან ატაცსა და ორჭიდში ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მოგვიანებით, წარმატებით იასპარეზა გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ), რომელმაც საქართველოს ანგარიშს ერთი ბრინჯაო და ორი ვერცხლის მედალი შემატა.

ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, რევაზ დავითაძემ (96 კგ) სამი ვერცხლის მედალი მიიღო. რაც შეეხება ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ბაქარ თურმანიძე (+109 კგ) ასევე ბრინჯაოს დაეუფლა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ტალახაძეს ევროპის ფედერაციის დროშა გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.