გუშინ, ერედივიზიონში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.
ეინდჰოვენის „პსვ“-მა როტერდამში „სპარტას“ 3:1 სძლია და ოცდამეექვსედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
გულშემატკივრები, რომლებიც ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე „აიაქსზე“ ცხრა ქულით ნაკლების მქონე გუნდისგან ჩემპიონობაზე ვერც კი ოცნებობდნენ, მატჩის დასრულებისთანავე ეინდჰოვენის ქუჩებში გამოვიდნენ საყვარელი გუნდის გამარჯვების აღსანიშნავად.
საზეიმო ატმოსფერო მკვეთრად შეიცვალა საღამოს 19:30 საათისთვის, როდესაც პოლიციელებმა სტადიონთან ახლოს სცადეს იმ მამაკაცის დაკავება, რომელიც ფოიერვერკებს აფეთქებდა. ზეიმის მონაწილე გულშემატკივართა დიდი ჯგუფი პოლიციას დაუპირისპირდა და მას ქვების, მინის ნატეხების, მოგლეჯილი საგზაო ნიშნების და ფოიერვერკების სროლა დაუწყო.
არეულობის მონაწილეთა დაკავების მიზნით პოლიციამ რამდენჯერმე მიიტანა იერიშუი გულშემატკივრებზე და საბოლოოდ 22 კაცი დააკავა. პოლიციის რიგებიდან 14 დაშავდა. მათგან ორს არეულობის დროს პოლიციის სამსახურებრივმა ძაღლმა უკბინა და მათ სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს, ერთი პოლიციელი, სახის არეში მიყენებული ძლიერი ტრავმის გამო, ასევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვების ტრავმები კი შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა.
დაკავებული 22 კაციდან ოთხი პატიმრობაში რჩება, სხვები კი დაკავების და ოქმების შედგენის შემდეგ, გაათავისუფლეს.