პირველ რიგში, ნინა თიბილაშვილს მინდა მივულოცო გუშინ პარალიმპიური თამაშებზე მედლის მოგება, უდიდესი წარმატება და დღესაც მინდა ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო მას და ყველა ჩვენ პარალიმპიელს, რომელიც შემდეგ დღეებში გამოდის თამაშებზე. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პარიზის პარალიმპიადის მეექვსე დღეს საქართველომ კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი (კატეგორია A) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდე ანგარიშით 15:11 დაამარცხა.

ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია.


ნინა თიბილაშვილის ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების მეშვიდე მედალია. აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილი პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც ორ სხვადასხვა პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო - ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა კიდევ ერთმა ეტლით მოფარიკავემ - ირმა ხეცურიანმა (კატეგორია B ), რომელმაც პარალიმპიადა მეხუთე ადგილზე დაასრულა.


4 თებერვალს ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ძალას რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული კი R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.


ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.