საფრანგეთის პირველ დივიზიონში მე-5 ტურის შეხვედრები დასრულდა.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი" სახლში „მარსელს" იღებდა და უკვე შეხვედრის მე-5 წუთზე რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა. მასპინძლებმა შექმნილი მდგომარეობით ვერ ისარგებლეს, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანიც ვერ გამოიყენეს და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ წავიდნენ.

მეორე ტაიმის დაწყებიდან რვა წუთი იყო გასული, როდესაც დუჟე კალეტა-კარმა ანგარიში გახსნა და „ლიონი" დააწინაურა.

სტუმრებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. მათ 71-ე და 82-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანეს და ანგარიშს 90+3 წუთამდე ინარჩუნებდნენ. „ლიონის" მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კი „მარსელმა" კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და 90+5 წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძე მინდორზე 67 წუთზე, ალექსანდრ ლიაკაზეტის ნაცვლად შევიდა.

„ლიონი" - „მარსელი" 2;3(0:0)
გოლები: 53' დუჟე კალეტა-კარი 1:0, 71' პოლ ლიროლა 1:1, 82' ულის გარსია 1:2, 90+3' რაიან ჩერკი 2:2, 90+5' ჯონათან როუ 2:3
45+7 წუთზე ლიაკაზეტის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე „მარსელის" მეკარე ჯერონიმო რულიმ მოიგერია.
გაძევება: 5' ლეონარდო ბარელდი („მარსელი", მეორე ყვითელი)