ინგლისის ჩემპიონმა, „ლივერპულმა“ გაამხილა, თუ როგორ მიაგებს პატივს 2025-26 წლების სეზონში პორტუგალიელ ფეხბურთელს, დიოგო ჟოტას, რომელიც 3 ივლისს თავის ძმასთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ნივთებს, რომელიც ჟოტას პატივსაცემად გულშემატკივრებმა „ენფილდთან“ მიიტანეს, ერთი კვირის განმავლობაში აალაგებენ, გულდასმით დაახარისხებენ და საიმედოდ შეინახავენ.

ყვავილებს გადაამუშავებენ კომპოსტში (ორგანული ნარჩენების დაშლა და გარდაქმნა ორგანულ სასუქად) და გამოიყენებენ საკლუბო ობიექტებზე. დანარჩენ ნივთებს ასევე გადაამუშავებენ და გამოიყენებენ მუდმივი მემორიალური სკულპტურის შესაქმნელად, რომელიც „ენფილდზე“ ხსოვნის მომავალი ცენტრი გახდება.

გარდა ამისა, სტადიონზე შექმნეს დროებითი ზონა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, პატივი მიაგონ დიოგო ჟოტას ხსოვნას.

მთელი მომავალი სეზონის განმავლობაში „ლივერპულის“ ფორმაზე იქნება სპეციალური ლოგო Forever 20 („სამუდამოდ 20“) ფეხბურთელის ხსოვნის პატივსაცემად. გარდა ამისა, ინგლისის ჩემპიონის ფონდი ჩაუშვებს მასობრივი ფეხბურთის პროგრამას და მას ჟოტას სახელი დაერქმევა.