თურქეთში, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური ადრე ჩემპიონის ტიტული სტამბოლის „გალათასარაიმ“ მოიპოვა.
თურქეთის სუპერლიგის 36-ე ტურში სტამბოლის „გალათასარაიმ“ „კაიზერისპორი“ დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური ადრე ოცდამეხუთედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
ბერლინში მცხოვრებმა სტამბოლის „გალათასარაის“ ათასობით თურქმა გულშემატკივარმა ამ მოვლენის აღსანიშნავად საზეიმო მსვლელობა მოაწყო, რასაც, საბოლოოდ, პოლიციის მიერ მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარება მოჰყვა.
პოლიციის ცნობით, რამდენიმე ათეული ფეხბურთის გულშემატკივარი თავდაპირველად დრეზდენერ შტრასეზე მდებარე ბარში იმყოფებოდა, სადაც პიროტექნიკა გაუშვეს. გარდა ამისა, ღონისძიების ადგილზე, მარკგრაფენშტრასეზე, ასევე კროიცბერგში, დაახლოებით 1500 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შემდეგ, გულშემატკივრები შარლოტენბურგში გაემგზავრნენ. საღამოს 8 საათის შემდეგ გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ასევე გაიმართა სადღესასწაულო აღლუმები, რომლებშიც დაახლოებით 200 მანქანა მონაწილეობდა.
ზეიმის მონაწილე გულშემატკივრები რამდენჯერმე დაესხნენ თავს პოლიციას და უკან მხოლოდ მაშინ დაიხიეს, როდესაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პოლიციის ცნობით, 34 ადამიანი დააკავეს და აღიძრა 30 საქმე, მათ შორის, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ და „სხეულზე საშიში დაზიანების მიყენების“ მუხლებით. 33 პოლიციელი დაშავდა, რომელთაგან ოთხს სამსახურის დატოვება მოუწია. პოლიციას არ დაუდასტურებია, დაშავდნენ თუ არა გულშემატკივრები ან რამდენი მათგანი დაშავდა.