თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის აღნიშნული აქტივობა საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტია, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მიმართვიანობა და სკრინინგი.
მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი დედაქალაქიც უერთდება მსოფლიო აქციას და კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ამოქმედდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ამ მხრივ, დაავადების პრევენციულ ღონისძიებებსა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მჯერა, რომ აღნიშნული აქტივობაც თავის წვლილს შეიტანს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.
თბილისის ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.