თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიის მიერ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის სრული დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათი იქნება.
ზურაბ ჩიკვილაძე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის დაფინანსება 70 000 ლარის ნაცვლად 120 000 ლარი გახდება და შესაბამისად, ოპერაციის სრული, 100 %-იანი, ანაზღაურება მოხდება.
მისივე განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ტრანსპლანტაციის პროგრამა დადგენილი ტარიფის 70%-ით ფინანსდებოდა.
„ღვიძლის ტრანსპლანტაცია ეფექტიანი და ხშირად ერთადერთი რადიკალური მეთოდია ღვიძლით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ და ამ ოპერაციის სრული დაფინანსება შესაბამისი საჭიროების მქონე ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.