საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობს წამლის ხარისხის სახელმწიფო ლაბორატორია, რომლითაც ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, უკვე შესაძლებელია, რომ მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებულ კითხვებს ადგილზე გაეცეს პასუხი და მოხდეს შესაბამისი შესწავლა.
„წინა წლის იანვრიდან დავიწყეთ აქტიური მოქმედებები ფარმაცევტული ბაზრის მეტ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის, ასევე, ფასების კონტროლის კუთხით. ყველა ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომი ფასები ჰქონდეთ და სახელმწიფო სრულად აკონტროლებდეს ფარმაცევტულ ბაზარს ამ მიზნებისთვის.
სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონდა სახელმწიფო წამლის ხარისხის ლაბორატორია. აქამდე სხვადასხვა კერძო ლაბორატორიას თუ ვიყენებდით ან გარკვეულ ნაწილში გვეხმარებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე, გარკვეული მედიკამენტის გაგზავნა გვიხდებოდა საზღვარგარეთ, დღეს უკვე ჩვენს სახელმწიფო ლაბორატორიაში შეგვიძლია ამ პროცესის ორგანიზება. ინვესტიცია, რაც ლაბორატორიაში ჩაიდო, დაგვიზოგავს იმ ხარჯებსაც, რაც მედიკამენტების ხარისხის შემოწმების კუთხით გვქონდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევამოწმებთ როგორც ქვეყანაში იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხს, ასევე მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხს. ვფიქრობ, „ჯიემპი“ და „ჯიდიპი“ სტანდარტთან ერთად, რაც 2022 იანვრიდან მოითხოვება მედიკამენტების ქვეყანაში რეალიზაციისთვის, ეს არის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი რგოლი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.