თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში დაასრულა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა, რომელიც სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.
მრავალფუნქციური ცენტრი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად გახსნა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა სამგორის რაიონისთვის, რადგან იხსნება მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკალათბურთო დარბაზები, ორი საცურაო აუზი, მედიათეკა, ტანვარჯიშის, ჭიდაობისა და სპორტის სხვა სახეობების დარბაზები. ძალიან მალე გარე პერიმეტრზეც დავასრულებთ სამუშაოებს, სადაც მოეწყობა საფეხბურთო და პადელის მოედნები. მთლიანობაში ძალიან კარგი სივრცე გამოვა. ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა. 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის აღნიშნული ინფრასტრუქტურა იქნება უფასო. რა თქმა უნდა, ანალოგიური პროექტები ყველა რაიონში უნდა განხორციელდეს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება გაგრძელდეს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რადგან ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, წარმოუდგენელია მსგავსი მასშტაბური სამუშაოების წარმოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორია მოიცავს 11 500 კვ.მ ფართობს და მასში განთავსებულია ორი აუზი (25*20 და 20*12 მ), ფიტნეს დარბაზი, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები, საბრძოლო ხელოვნების დარბაზი. ასევე, იფუნქციონირებს ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობისა და ძიუდოს წრეები, სპა ზონა, მედიათეკა, ქორეოგრაფიული სტუდია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. გათვალისწინებულია საპარკინგე სივრცეც.
თბილისის მერიამ ცენტრის მიმდებარედ გამწვანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც ჩაატარა. კერძოდ, მოეწყო თანამედროვე სარწყავი სისტემა, 1 220 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 1 251 სხვადასხვა სახეობის ნერგი, რაც ტერიტორიას უფრო მოწესრიგებულსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოდ აქცევს. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.
პროექტის მიზანია მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სერვისზე, ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.
მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.