თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მონაწილეობით შემუშავებულმა პროექტმა „Black Sea CONNECT“ - „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე“ (2019-2023), თურქეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო ჯილდო მიიღო საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.  თსუ სამეცნიერო ჯგუფს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი კახაბერ ბილაშვილი ხელმძღვანელობს. 

ევროკომისიის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის ფარგლებში განხორციელებული პროექტის მიერ მოპოვებული ჯილდო, აღიარებს კონსორციუმის მიღწევებს და ხაზს უსვამს კონსორციუმის საერთო წარმატებას შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგისა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავებაში. ეს  ხელს უწყობს  შავი ზღვის ეკოლოგიური გარემოს დასაცავად  საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასა და გაძლიერებას. ასევე,  ლურჯი ზრდის შესაბამისად - საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენება ეკონომიკური განვითარებისათვის,  ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაცვლისა და  ინოვაციების იმპლემენტაციის გზით.

 საპრეზიდენტო ჯილდო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავად გადასცა პროექტის წარმომადგენლებს - შუა აღმოსავლეთის  ტექნიკური უნივერსიტეტის (თურქეთი)  პროფესორებს ბარიშ სალიოღლუს და   მუსტაფა იუსელს.