12 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ,,ეგრისობის" სახალხო დღესასწაული გაიმართა.
ციხე-ქალაქმა, ყველა თაობის სტუმარს, მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმასპინძლა:
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური აიპების, საჯარო სკოლების, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ჩართულობით მოეწყო - ისტორიულ-ეთნოგრაფიული სივრცეები, გამოფენები, შემოდგომის კუთხეები, შემეცნებითი და გასართობი ატრაქციები;
აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ხელოვნების ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის დასმა წარმოადგინა თეატრალური კომპოზიცია - ,,ეგრისის სამეფო";
შედგა - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ქალაქის საიმიჯო კლიპის - ,,გულისფერი სენაკის' პრეზენტაციები;
დაჯილდოვდნენ 2024 წლის საპატიო სენაკელები.
სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 13 ადამიანს მიენიჭა:
დეკანოზ იოანე კუპრეიშვილს - წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძრის კეთილმოწესეს;
გრიგოლ ბესელიას - შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკს;
მარინე აბრამიას - კულტურის სფეროს დამსახურებულ მუშაკს;
ნუგზარ ჯოჯუას - დამსახურებულ ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ღირსების ორდენის კავალერს;
თინაზი დარასელიას - სკოლამდელი აღზრდის სფეროს დამსახურებულ მუშაკს;
ომარ ძაძამიას - დამსახურებულ ექიმ-ნერვოლოგს;
ირაკლი გოგინავას - ორთოპედ-ტრავმატოლოგს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მენჯის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს;
ეკა გაბუნიას - სხვადასხვა წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სოციალური დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სენაკის გამგებლის მოადგილეს;
იოსებ მიხელაშვილს - საქართველოს წარმომადგენელს ისრაელში, კოლორიტ სენაკელ ებრაელს;
არმან თოდუას - ქალაქის კოლორიტს;
ნატო გრიგოლიას - დამსახურებულ ექიმ-პედიატრს.
ნინო გეგენავას - დამსახურებულ ექიმ-რადიოლოგს;
ვახტანგ ნიკოლავას - აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძვანელს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების მაგისტრს, მრავალი საკულტო სპექტაკლის რეჟისორსა და მსახიობს.
საპატიო სენაკელებს მედლები და სიგელები გადასცეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის, ხობის და ფოთის დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ; სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ.
სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.
კონცერტზე გაჟღერდა ქალაქური ჟანრის მუსიკა, ამონარიდები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან.
კონცერტში მონაწილებდნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი - მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.
გალა კონცერტი მსახიობს და ტელეწამყვანს, გიორგი გასვიანს მიჰყავდა.
სახალხო დღესასწაულის რეჟისურა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ,,ეგრისობა 2024-ის" სენაკის საპატიო მოქალაქეს, ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის.
,,ეგრისობის" სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ: სასულიერო პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ვიბლიანი, რწმუნებულის მოადგილეები, მოწვეული სტუმრები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლები.