ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსულ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ასევე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პატარები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში ჩაერთნენ.
თსუ-ის ეზოში ბავშვებისთვის მოეწყო სახალისო ქიმიური ცდები, იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები, კალიგრაფისტებისა და სახის მოხატვის კუთხე. სტუმრების მხიარულ განწყობაზე იზრუნეს ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვებმა და ანსამბლ „მძნობარის“ პატარა ბალერინებმა. ღონისძიება გაახალისეს „სანტეს ლოკო-მოკოს“ ანიმატორებმა; ხოლო „საბავშვო კარუსელისა“ და საბავშვო გამომცემლობა „დილას“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით გაამხიარულეს პატარები.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში პატარებს ბიბლიოთეკაში დახვდნენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, რომლებმაც ბავშვებს წაუკითხეს თავიანთი მოთხრობები.